საქართველოში დიდი რაოდენობით მიგრანტების შემოსვლამ სამუშაო სივრცეებზე მოთხოვნა გაზარდა. ბუმი – ასე ფასდება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მიგრანტების ქვეყანაში შემოსვლის პერიოდი. მზარდ მოთხოვნას ბაზარმა უპასუხა და თბილისში სამუშაო სივრცეების რაოდენობა 4-დან 52-მდე გაიზარდა. თუმცა დღეს ბუმის პერიოდი დასრულებულია და მოთხოვნის მაჩვენებელი ომამდელ პერიოდში არსებულს დაუბრუნდა.
„ტერმინალის“ დირექტორი ჯინო დოლინი ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მიგრანტების ეფექტის შედეგად გახსნილი სამუშაო სივრცეები დაიხურებიან ან იძულებულები გახდებიან პროფილი შეიცვალონ, რადგან მოთხოვნა ,,ბუმიდან” სტანდარტულ მაჩვენებლამდე ჩამოვიდა.
,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოთხოვნის ნიშნული დაუბრუნდა რუსეთ-უკრაინის ომამდელ პერიოდს. ის ბუმი რაც იყო, ნამდვილად აღარ არის და არ იქნება. სამუშაო სივრცეები, რომლებიც ამ ბუმის გამო გაიხსნა სავარაუდოდ დაიხურებიან ან პროფილს შეიცვლიან და დავრჩებით ის რამდენიმე საერთო სამუშაო სივრცე, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და რეალური სამუშაო სივრცეა და არა უბრალოდ მაგიდა და ინტერნეტი. აუცილებლად შემცირდება სამუშაო სივრცეების რაოდენობა. ეს გათვლილი იყო იმ მიგრანტებზე, რომლებიც შემოვიდნენ. ძალიან ბევრი უკან წავიდა. ძალიან ბევრი სხვა ქვეყნებში წავიდა. ვხედავთ ახლა ქალაქშიც, რომ როგორც იყო ისე აღარ არის. შესაბამისად, ბევრს მოუწევს დაკეტვა ან პროფილის შეცვლა.’’- აცხადებს ჯინო დოლინი.
მოთხოვნის კლებაზე გავლენა მხოლოდ მიგრანტების ქვეყნიდან გასვლას არ მოუხდენია. კიდევ ერთი მიზეზი სამუშაო სივრცეების დიდი რაოდენობაა. მათი უმეტესი ნაწილი დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არის თავმოყრილი.
,,კონკურენცია გაზრდილია. შესაბამისად, ადრე თუ მხოლოდ ჩვენზე მოდიოდა მოთხოვნა, ეს მოთხოვნა ახლა გადანაწილებულია და ყველას ცოტ-ცოტა ერგება. სამუშაო სივრცეები ძირითადად არის თავმოყრილი თბილისში და განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში. ადრე იყო ოთხი. ომის დაწყების შემდეგ პერიოდში დაახლოებით 52 სივრცეა. ოღონდ ამას ვერ დავარქმევდი მთლად კონკურენტ სივრცეებს, რადგან ზოგი გახსნილია კაფეში, ზოგი gym-ში, ზოგი ერთოთახიან ბინაში. რეალურად საერთო სამუშაო სივრცე რასაც ჰქვია და რაც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება ალბათ 4-5 არის.’’- აცხადებს ჯინო დოლინი.
„ტერმინალის“ დირექტორი ამბობს, რომ რეგიონებში მოთხოვნის მიმართულებით მათი მოლოდინები არ გამართლდა. ,,ტერმინალმა“ სამუშაო სივრცე ბათუმში გახსნა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან სერვისის მოხმარებას დაბალი მაჩვენებელი აქვს. ზღვისპირა ქალაქში მათი მთავარი მომხმარებელი აიტის სპეციალისტები არიან, რომლებიც ბათუმში ომის დაწყების შემდეგ გადმოვიდნენ და საცხოვრებლად დარჩნენ.
,,რეგიონებს რაც შეეხება, ჩვენ ბათუმში გვაქვს ფილიალი. ვიცი რომ ქუთაისში არის ერთი სამუშაო სივრცე და თელავში იგეგმება. რეგიონებში ჯერ ისე არ მიდის პროცესები, როგორი მოლოდინიც მე მქონდა. ბათუმში მოლოდინი რაც გვქონდა არ გაამართლა. ადგილობრივი მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნა არის ძალიან ცოტა. თუმცა, აიტი სფეროს ბევრი ექსპერტია ბათუმში და მათი მხრიდან არის მოთხოვნა. ბევრი იყო დროებით, მაგრამ გავიდა დრო მათი ჩამოსვლიდან და ვინც ბათუმში დარჩა უკვე იქ ცხოვრობს. აიტი სფეროში ძირითადად ბელარუსები არიან.’’- აცხადებს ჯინო დოლინი.
როგორ შეიძლება განვითარდეს სექტორი არსებული გამოწვევების ფონზე? კითხვაზე ჯინო დოლინი აცხადებს, რომ პერსპექტივების განსაზღვრა უჭირს, რადგან ისიც მოლოდინის რეჟიმშია. „ტერმინალის“ დირექტორი განმარტავს, რომ მათ სექტორზე პოლიტიკურმა მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია, რადგან პროცესები მათი სერვისის მიმღებ ორგანიზაციებზე და სტარტაპებზე აისახა, რომელთა უმეტესობამ დაფინანსება დაკარგა. ისინი დღეს ხარჯების ოპტიმიზაციას ცდილობენ.
,,ჩემთვის ცოტა რთულია პერსპექტივის შეფასება გამომდინარე დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან. იმიტომ, რომ ეს აისახება საერთაშორისო კომპანიებზე, აისახება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, აისახება ადგილობრივ სტარტაპებზე, რომლებსაც დაფინანსება შეუწყდათ. ზოგი ხარჯების ეკონომიას აკეთებს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა რთულია სექტორის პროგნოზირება. მეც მოლოდინის რეჟიმში ვარ.”- აცხადებს ჯინო დოლინი.
